დილის 6 საათზე, ძილგატეხილი თავის ლოგინზე წამომჯდარი ოთახის ერთადერთი “ფორთოჩკიდან” გაჰყურებდა “პანორამასავით აკრულ” ერთ ხედს: მხოლოდ მანქანების და სახლების მწკრივი რომ ჩანდა…უყურებდა ყოველ დილას, რადგან იცოდა რომ მის იქით ზღვა იყო, ზღვა ხან ლურჯი,ხანაც კი ძალიან შავი;
გარეთ ისეთი ქარი იყო კიდევაც გაიფიქრა:კარგია დიდი ფანჯრები არ არის,თორემ შემოლეწავდა მინებს, “შემოვარდებოდა თუთასავით” და “ხელს კი არ შემომხვევდა წელზე”,მიმანარცხებდა კედელს ძლიერად…”ჩვენი სამყარო” ამ ქართან ერთად ისე ჩქარა ტრიალებდა, მზე ღრუბლებში ხან იმალებოდა, ხან გამოჩნდებოდა, ისე იყო თითქოს ოთახში ვიღაც განგებ შუქის ასანთებს ათამაშებდა…
თუმცა ამ ქარბუქში, არეულ ამინდში გაბობოქრებული ზღვის ხმა მასთანაც აღწევდა. გულით უნდოდა იმ წუთას იქ, ნაპირზე მდგარიყო…როგორი დიდი ტალღები იქნებოდა, წარმოდგენაშიც კი შურდა…შურდა იმათიც ვინც მის სიახლოვეს იყო,შურდა იმ ქვების,კენჭების,სილის რომლებიც ნაპირზე ეყარა და “გრილდებოდნენ, იხრჩობოდნენ, გორაობდნენ,ერთმანეთს ეხეთქებოდნენ” როცა თალღა ზედ უვლიდა..მას მანიაკალური შეგრძნებები ჰქონდა ზღვის მიმართ, განსაკუთრებულად უყვარდა, აღელვებული ზღვის ხმაზე მშვიდდებოდა…და ყოველთვის ახსენდებოდა სიტყვები:”ზღვა მაინც შემიბრალებს! ის ხომ თვითონაც დაღლილია და ვერ დაუძინია…”

Advertisements